Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: რუსი სამხედროები ვიზის გარეშე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები საფრთხეს არ ქმნიან. მან ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ რუსეთიდან საქართველოში იმდენივე ადამიანი შემოდის, რამდენიც პანდემიამდე.

"ათასობით რუსი სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე, დგას საქართველოს ტერიტორიაზე... ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში არიან რუსეთის სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, საბუთების გარეშე. არიან ტექნიკით, შეიარაღებით. ამიტომ, ეს საფრთხე რომ ყოველდღიურია, ვსაუბრობთ. აქ მიბმა, რომ ტურისტის შემოსვლა დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ჩვეულებრივი პოპულიზმია, რომელიც გადაიზარდა ქსენოფობიაში", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოში რუსეთიდან შემოსული ტურისტების მატების გამო, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითხოვს. მმართველი პარტიის ლიდერები ამ საკითხზე საუბარში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველი შერჩევით მიდგომებში დაადანაშაულა - მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შოვინიზმისა და ქსენოფობიის კამპანია ღვივდება, ის "პირველივე წამებში უნდა გამოეხმაუროს".

"ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის იყო იმ კამპანიაში ჩართული, რომელის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადაყენების მოთხოვნის წამოყენება... ცდილობს პოლიტიკოსობას", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან კომენტარში, ომბუდსმენმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება, მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - თქვა სახალხო დამცველმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG