Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებების სერია ოკუპირებულ ყირიმში - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 აგვისტოს


თვითმხილველები იტყობინებიან აფეთქებებზე ანექსირებულ ყირიმში მდებარე აეროდრომთან

გუშინ, საღამოს თვითმხილველები იტყობინებოდნენ რამდენიმე აფეთქებაზე რუსეთის სამხედრო აეროდრომთან საკიში, ანექსირებულ ყირიმში. აეროდრომი მდებარეობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დაბა ნოვოფიოდოროვკასთან.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიანოვმა ტელეგრამარხზე დაწერა, რომ არის ერთი გარდაცვლილი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, გუშინდელი აფეთქება იმის შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.

„დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფიოდოროვკაში კიდევ ერთი შეხსენება იმისა, ვისია ყირიმი. ის უკრაინისაა!“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ნოვოფიოდოროვკის აეროდრომზე იმყოფება ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არის თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M, იტყობინებოდა ადრე Krym.Realii.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პოლიტიკური დავიდან ახალ პოლიტიკურ დავამდე - რა ხდება ცესკოს გარშემო?

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. პრეზიდენტს კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ დაუწუნა. სალომე ზურაბიშვილს "პოლიტიკური მოტივებით" მოქმედებაში თავად ცესკოც სდებს ბრალს.

ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტისთვის პრეზიდენტის მიერ შერჩეული ორი კანდიდატიდან თამარ ალფაიძის კანდიდატურა წლის დასაწყისში, სხვა პოსტისთვის, პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. ახლა კი, სახელისუფლებო პარტია ამ კანდიდატურის წინააღმდეგაც გამოდის და საერთოდ, "თავს მოხვეულს" უწოდებს "შარლ მიშელის შეთანხმების" საფუძველზე შემოღებულ არჩევის წესს.

მანამდე, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამ პოსტზე სამუშაოდ, 2-ჯერ 6-6 თვით, პრეზიდენტის წარდგინებითა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით აირჩიეს.

ახალ დაპირისპირებას ექსპერტები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის გამწვავებული დავის შემადგენელ ნაწილად თვლიან.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვინ შეარჩია პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ახალი საცხოვრებელი კვარტალი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარედ - რისი ნებართვა გასცა საკრებულომ

თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა გასცა. პროცესი ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე წარიმართა - საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობენ, რომ ამ პროექტის უკან მმართველი პარტიის დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახი და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის დირექტორი, ირაკლი რუხაძე დგანან.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმაზე ორმა კომპანიამ, „ურბან კონსალტინგმა” და „ჩაპმან ტეილორმა” იმუშავეს. მათი დამკვეთები შპს „ვილსონ გარდენი“, შპს “US Trading Company” და სს „ფროფგრუპი“ არიან - სწორედ ეს კომპანიები ფლობენ მიწის ნაკვეთებს საპროექტო ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სწორედ „ვილსონ გარდენია“ ის კომპანია, რომელთანაც არიან დაკავშირებული ნინო წილოსანიც და ირაკლი რუხაძეც.

წაიკითხე მეტი.

"მთავარი", "TV პირველი" და "ფორმულა": კომუნიკაციების კომისია "ოცნების" დავალებით დაგვსჯის

"მთავარი", "TV პირველი" და "ფორმულა" ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კომუნიკაციების კომისიის ხელით მათ დასჯას ცდილობს. საქმე ეხება კლიპის „შინ ევროპისკენ“ მათი ეთერით გავრცელებას. ვიდეოკლიპი, რომელიც 24 ივნისის აქციაზე მოსახლეობას იწვევდა, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" შეფასებით, პოლიტიკურია და მიზნად ისახავს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას.

"ჩვენი ევროპული მომავლის შესახებ კლიპზე გვიჩივის "ქართული ოცნება". ყველა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კომისია დაადგენს, რომ კანონი დავარღვიეთ და ჩვენ დაგვსჯის", - აღნიშნავს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში ხვალ, 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წაიკითხე მეტი.

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. ვაჩნაძე, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებაც 8 აგვისტოს გამოცხადდა, ერთ-ერთია იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაათავისუფლეს.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

წაიკითხე მეტი.

სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბელარუსის გარდამავალი მთავრობა დაასახელა

დევნილობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელსაც ბევრი მიიჩნევს 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად, დროებითი მთავრობა დაასახელა ბელარუსის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე წლისთავზე.

ციხანოუსკაიამ ვილნიუსში 9 აგვისტოს, ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობებისა და ჯგუფების ორდღიანი კონფერენციის უკანასკნელ დღეს, განაცხადა, რომ მისგან მრავალი ოპოზიციონერი ითხოვდა „ერთიანი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას“ და, მისი თქმით, მან ასეთი მთავრობა შექმნა.

დროებით მთავრობაში შედიან პაველ ლატუშკა, რომელიც ხელისუფლების გადაცემისთვის იქნება პასუხისმგებელი; ალიაქსანდრ აზარაუ, რომელიც კანონის უზენაესობის აღდგენისთვის იზრუნებს; ვალერი კავალეუსკი, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება საგარეო ურთიერთობები; და ვალერი სახაშჩუკი, რომელიც დროებით მთავრობას წარმოადგენს თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

წაიკითხე მეტი.

14 წელი დევნილობაში - "მამა-პაპაც სულ ომობდა, ძმებო!"

76 წლის ზაურ ზუბაშვილის მშობლიური ხეითი, რომელიც 14 წლის წინ იძულებით დატოვა, დღეს ოკუპირებული და განადგურებულია - სოფელი აღარ არსებობს. ხეითი დღემდე ხელახლა ნადგურდება ზაურის სიზმრებშიც.

სიზმრებს ხშირად ხედავს - სოფელი, სახლი, ბაღ-ვენახი, იქაური ტყე და ჭალა, თავისი ძროხები და შავი ძაღლი ესიზმრება. მერე ხედავს, როგორ იძარცვება, ნადგურდება წლობით ნაშრომი და შექმნილი. ეს სიზმრები ხშირად მეორდება. მერე სიზმრები ლექსებად იქცევა ხოლმე, ლექსებს კი ერთ დიდ საქაღალდეში ინახავს. ყველაზე საყვარელი ლექსის „ჩემი ხეითის“ ყოველი წაკითხვისას ხმა უკანკალებს.

ზაური დღეს სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. კოტეჯის გარშემო პატარა მიწის ნაკვეთი აქვს. უნდოდა, ეს ნაკვეთიც ხეითის ბაღნარს დაემსგავსებინა, მაგრამ მიწა ნესტიანი შეხვდა - გარშემო ჭაობი იყო. არ შეეგუა, ბევრი იშრომა, ვენახი და ხეხილი გააშენა.

წაიკითხე ვრცლად გოგა აფციაურის სტატიაში.

თამარ ბერიანიძე 29 წლის კერამიკოსია, ახალგორიდან. „შვილის“ ახალი გმირი 15 წლის იყო, როცა მშობლიური სახლი დატოვა და წეროვანში, დევნილების დასახლებაში დაიწყო ცხოვრება - აქ დაამთავრა საშუალო სკოლა, აქ შეიძინა ახალი მეგობრები

თუმცა ე.წ. საზღვრის იქით ბებია დარჩა - ბაბო, როგორც თავად ეძახის ადამიანს, რომელმაც გაზარდა და რომელიც სულ ენატრება. დაკარგული სახლის სახე თამარის ცხოვრების ნაწილი გახდა. რამდენჯერმე სცადა წარსულის დავიწყება, მაგრამ ცხოვრებამ წინააღმდეგობა გაუწია; ახალგაზრდა მხატვარი არ დანებდა და ომის მიერ მიყენებული ტკივილის შემოქმედებითი გადააზრება გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG