Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ნავთობის უკრაინის გზით ტრანზიტის საფასური გადაიხადეს


უნგრეთის ნავთობკომპანია MOL-მა და სლოვაკეთის Slovnaft-მა განაცხადეს, რომ გადაიხადეს უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით რუსეთის ნავთობის ტრანზიტის საფასური და უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ნავთობის მიწოდების განახლება. ამის შესახებ Novinky.cz იტყობინება. ნავთობის გადაქაჩვა შეწყვეტილი იყო იმის გამო, რომ რუსეთმა მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო ვერ შეძლო ტრანზიტის საფასურის გადახდა.

ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, მაგრამ ის ჯერ კიდევ 4 აგვისტოს შეწყდა. უკრაინის მაგისტრალური მილსადენების სახელმწიფო ოპერატორმა „უკრტრანსნაფტამ“ რუსეთის კომპანია „ტრანსნეფტისგან“ არ მიიღო ნავთობის გატარების საფასური. ამის შესახებ გუშინ განაცხადა კომპანიამ. ამ ფონზე 9 აგვისტოს ნავთობის ფასები გაიზარდა. ტრანზიტის თანხის გადახდის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფასებმა კვლავ კლება იწყო.

ივნისში ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. მაგრამ სანქციები არ გაავრცელეს „დრუჟბაზე“, ვინაიდან ვერ მოხერხდა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის ალტერნატიული წყაროს სწრაფად მოძიება. „ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ მოხერხდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ევროკავშირმა ივლისში შეათანხმა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ უკრაინამ გააგრძელა ევროპაში რუსეთის გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, მოსკოვმა კი - ტრანზიტის საფასურის გადახდა. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ნავთობის ტრანზიტზე მოქმედი შეთანხმება 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღწეული და ის 2030 წლის იანვრამდე მოქმედებს.

XS
SM
MD
LG