Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი დახურავს საზღვარს მის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის


ნარვასა (ესტონეთი) და ივანოგოროდს (რუსეთი) შორის არსებული სასაზღვრო ხიდი
ნარვასა (ესტონეთი) და ივანოგოროდს (რუსეთი) შორის არსებული სასაზღვრო ხიდი

ესტონეთი დახურავს საზღვარს იმ რუსებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ 11 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეინსალუს თქმით, ტალინი მოქალაქეებისთვის ესტონეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ "შენგენის ვიზებზე სანქციების" გამოყენებას გეგმავს. სანქცია, კერძოდ, ნიშნავს, რომ ვიზები ძალაში დარჩება, მაგრამ მათი მეშვეობით ესტონეთში შესვლა აიკრძალება, ნათქვამია ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეროვნული კომპანიის ვებგვერდზე.

რეინსალუს თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს და გავლენას არ ახდენს შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე. ამასთან, მომავალ კვირას მთავრობა აპირებს განიხილოს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შესვლის აკრძალვის გზები.

მინისტრის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზით შესაძლებელი იქნება და გაგრძელდება შენგენის სივრცესა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში (ირლანდიის გარდა) შესვლა.

შესვლის აკრძალვაზე გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთა შესვლა ესტონეთში აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ისევე, როგორც მოქალაქეობისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ესტონელთა ახლო ნათესავებისთვის. გარდა ამისა, ესტონეთში შევლენ ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირის კანონმდებლობით თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG