ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, არხიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
გადაწყვეტილების შესახებ დამატებითი განმარტების გაკეთებაზე რადიო თავისუფლებას თამარ ბაღაშვილმა უარი უთხრა. ის პოსტშიც წერს, რომ შესაძლოა, მიზეზების შესახებ არასდროს ისაუბროს.
„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი. მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას !!!“ , - წერს თამარ ბაღაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
ჟურნალისტისა და არხის ერთ-ერთი სახის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია ღიად ჯერ არ გამოუხატავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას. რადიო თავისუფლება მედიაკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
თამარ ბაღაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო. არხიდან წასვლის შემდეგ, ის ჟურნალისტთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც ნიკა გვარამიასთან ერთად "მთავარი არხი" დააარსეს.
"მთავარ არხს" უკანასკნელ პერიოდში პრობლემები შეექმნა, ერთი მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით, რაც გარკვეულწილად განპირობებული იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რის შედეგადაც ტელევიზიებს აეკრძალათ აზარტული თამაშების რეკლამის გაშვება. ამის შემდეგ "მთავარი არხის" ფინანსური შემოსავლები 19 %-ით შემცირდა.
პატიმრობაში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან მესამე დღეს, "მთავარი არხის" ფინანსური მხარდაჭერისთვის „მედიის თავისუფლების ფონდი" შეიქმნა.
დაწერეთ კომენტარი