უკრაინის საჰაერო ძალებმა ლატვიისგან ოთხი ვერტმფრენი მიიღეს, განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა 15 აგვისტოს.
"უკრაინის საჰაერო ძალებმა ახლახან მიიღეს ლატვიის მიერ ნაჩუქარი ოთხი ვერტმფრენი, რომლებიც მალე გახდება უკრაინის არმიის საავიაციო ფლოტის ნაწილი. დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ მისი მთელი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან არ გათავისუფლდება", - წერს არტის პაბრიკსი Twitter-ზე.
ლატვიელი მინისტრი მიიჩნევს, რომ მხოლოდ უკრაინის სრულ გამარჯვებას შეუძლია სტაბილური მშვიდობის დამყარება.
"თუ ომი რუსეთის პირობებით დასრულდება, მაშინ პუტინი სწორ გაკვეთილს ვერ ისწავლის. თუ ის ხედავს, რომ მას შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა სამხედრო ძალის დახმარებით და ეს შერჩა, მაშინ ევროპაში ომი ნამდვილად არ დასრულდება", - დასძინა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე ლატვიამ ასევე გადაწყვიტა, რომ შეუერთდეს უკრაინელი სამხედროების მომზადების ინიციატივას.