Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაღაშვილი მომავალს რომელიმე ოპოზიციურ არხზე ხედავს


თამარ ბაღაშვილი, ჟურნალისტი
თამარ ბაღაშვილი, ჟურნალისტი

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მუშაობას აუცილებლად რომელიმე ოპოზიციურ სატელევიზიო არხზე გააგრძელებს, ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას უთხრა.

ერ მართლა არ ვიცი, სად გადავალ, რა თქმა უნდა, ეს რომელიმე ოპოზიციური არხი იქნება. როგორც კი გადავწყვეტ, დავწერ აუცილებლად“, - უპასუხა წერილობით თამარ ბაღაშვილმა რადიო თავისუფლებას იმ კითხვაზე პასუხად, ადასტურებდა თუ არა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით არსებულ ინფორმაციას, რომ ის ტელეკომპანია „ფორმულაზე“ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას.

ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია უარყო „ფორმულის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემაც.

„ვერ დაგიდასტურებთ. არანაირი კომუნიკაცია მე ან რომელიმე ხელმძღვანელს არ გვქონია. იმდენივე ვიცი მე მის წამოსვლაზე, რამდენიც ყველა სხვამ“, - უთხრა გიორგი თარგამაძემ რადიო თავისუფლებას.

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 აგვისტოს, "ფეისბუკის" პირად გვერდზე გაავრცელა, მიზეზების განმარტების გარეშე.

თამარ ბაღაშვილს "მთავარ არხზე" შაბათობით, მარტის დასაწყისამდე მიჰყავდა გადაცემა „მთავარი დებატები“, ბოლო დრომდე კი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

ჟურნალისტისა და არხის ერთ-ერთი სახის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია ღიად ჯერ არ გამოუხატავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას. რადიო თავისუფლება ეცადა მედიაკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებას.

"მთავარ არხს" უკანასკნელ პერიოდში პრობლემები შეექმნა, ერთი მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით, რაც გარკვეულწილად განპირობებული იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რის შედეგადაც ტელევიზიებს აეკრძალათ აზარტული თამაშების რეკლამის გაშვება. ამის შემდეგ "მთავარი არხის" ფინანსური შემოსავლები 19 %-ით შემცირდა.

ამავე დროს, პატიმრობაში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან მესამე დღეს, "მთავარი არხის" ფინანსური მხარდაჭერისთვის „მედიის თავისუფლების ფონდი" შეიქმნა.

XS
SM
MD
LG