Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალებს ისევ კლავენ


ავტორი: ლუკა კერესელიძე

2014 წელი ფემიციდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მძიმე იყო, არა ერთი მოკლული ქალი, არა ერთი ტრაგედია. მახსოვს მაშინ ერთ-ერთ პრობლემად მედიის არასწორი გაშუქება დასახელდა, ის თუ როგორ ვაშუქებთ მკვლელობას შეიძლება იყოს მიზეზი პოტენციური მკვლელობისო ამბობდნენ განსაკუთრებით მედიის მკვლევრები ანდაც ფემინისტები. ამ არგუმენტს მეც ვეთანხმები, თუმცა დრო გადის და მგონი უნდა მივხვდეთ, რომ საქმე უფრო მძიმედაა, ვიდრე მხოლოდ მედია გაშუქების პრობლემა შეიძლება იყოს.

2022 წლის აგვისტო მიმდინარეობს და საზარელი მკვლელობები კიდევ გრძელდება. გვესმის ნიუსები ქალზე, რომელსაც მისი შვილი კლავს, ქალზე, რომელსაც ყოფილი ქმარი (რომელიც ნასამართლევია) შვილის წინ სასიკვდილოდ ჭრის.

მე არ მჯერა კაცი ფემინისტების, არც მე გახლავართ ფემინისტი და ვერც ვერასდროს ვიქნები, იმიტომ რომ კაცი ვარ, მაგრამ მე მჯერა სოლიდარობის, თანადგომის და მგრძნობელობის, რაც წესით უნდა გვახასიათებდეს, როცა გავიხედავთ ირგვლივ და ვხედავთ ასეთ კატასტროფულ ვითარებას განსაკუთრებით ძალადობის მიმართულებით. არა და არ სრულდება ძალადობის ფაქტები, ვერა და ვერ დავოკდით საიმისოდ რომ მშვიდად გადავწყვიტოთ პრობლემები, ვერასდროს ვისწავლეთ, რომ ძალადობის სურვილი არაა ნორმალური და შეიძლება ამის გამოსწორება და საკუთარ თავზე მუშაობა. ისევ უცხოა ჩვენთვის სოლიდარობა, თუნდაც რომ პრობლემა ჩვენ არ გვეხებოდეს. ვიღლები იმის მტკიცებით, რომ არაა საჭირო ქალი იყო რომ მოკლული ქალების მიმართ სოლიდარობა გაგიჩნდეს იმის მაგივრად რომ კიდევ ქალს აბრალო ყველაფერი, არაა საჭირო ტრანსგენდერი იყო რომ მიხვდე სახლში ცოცხლად გამოწვა რას ნიშნავს, არაა საჭირო ცხოველი იყო რომ სახლიდან გამოგდება ან ქუჩაში მიგდება ანაც ცემა განიცადო როგორც საკუთარ ძალადობას განიცდიდი.

ჩვენი საზოგადოების პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია, ჩვენი საზოგადოების წევრები უმალ ქალს გაამტყუნებენ ყველაფერში ოღონდაც კაცი არ აღმოჩნდეს რაიმეში შემცდარი, რა ფენომენია ეს? რანაირად მოვედით აქამდე? რავიცი, ჩემს ბავშვობაში სულ მესმოდა როგორი „ვაჟკაცები“ იყვნენ ქართველი კაცები და როგორ დაიცავდნენ ისინი თავის ოჯახს ყოველთვის, სულ რომ თავად მომკვდარიყვნენ. და დღეს რა ხდება? ესაა ვაჟკაცობა? ყოფილი ან არაყოფილი ცოლის დაჭრა შვილის თვალწინ? ეს თუ ვაჟკაცობაა, მაშინ არ მინდა მე ესეთი ვაჟკაცობა.

ჩემი აზრით, დროა გავიაზროთ, რომ საზოგადოებას ინდივიდები ქმნიან, თითოეული ჩვენგანის ერთიანობა ქმნის, და თუ ყველა ჩვენგანი დაფიქრდება და მინიმუმ კითხვებს დასვამს მერე შეიძლება მომავალიც გვქონდეს, იქამდე სამწუხაროდ არ მაქვს იმედი რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG