Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მაჩუბს, მატყლის საჩეჩს, ქვასანაყს, არყის დასალევს და სხვა 17 ნივთს 17 500 ლარად ყიდულობს ეთნოგრაფიული მუზეუმი


ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში ორი მოქალაქისგან 20 ეთნოგრაფიულ ნივთს და 2 მაჩუბს 17 500 ლარად ყიდულობს, გამარტივებული შესყიდვით.

შესყიდვის საფუძველია მოქალაქეების, მანუჩარ ვეზდენისა და მერი ჯამდელიანის 5 აგვისტოს განცხადებები, რომლებითაც მუზეუმს მიმართეს მათ საკუთრებაში არსებული ნივთების შესყიდვის შეთავაზებით და შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც მიიჩნია, რომ შეთავაზებული ნივთები XV-XVI საუკუნის ეთნოგრაფიული არტეფაქტებია და მუზეუმის ფონდების შესავსებად მათი შესყიდვა აუცილებელია.

ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლის, ეთნოგრაფიული მიმართულების კურატორის, თამილა ცაგარეიშვილის თქმით, ორი მაჩუბიდან ერთი ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება ვიზიტორებისთვის, მეორე კი ფონდში შეინახება. დამთვალიერებლისთვის განკუთვნილ მაჩუბში განთავსდება საყოფაცხოვრებო ეთნოგრაფიული ნივთებიც, ავთენტური გარემოს შესაქმენლად.

კარადა, რომელსაც ეთნოგრაფიული მუზეუმი შეისყიდის ერთ-ერთია 20 ნივთს შორის
კარადა, რომელსაც ეთნოგრაფიული მუზეუმი შეისყიდის ერთ-ერთია 20 ნივთს შორის

ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა, ნინო ჭიპაშვილმა, შემფასებელი კომისია 2022 წლის 8 აგვისტოს შექმნა. ბეჩოს თემში მცხოვრები მერი ჯამდელიანისა და მანუჩარ ვეზდენის განაცხადებები კომისიამ პირველივე სხდომაზე, 9 აგვისტოს განიხილა. კომისიის შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარეც თავად ნინო ჭიპაშვილია, ასეთია:

  • ანა თოლორაია, ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
  • მაკა სოხაძე, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებისა და ფონდების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
  • რუსუდან გუჯეჯიანი, ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლექციებისა და ფონდების მართვის სამსახურის ფონდის მთავარი მცველი;
  • მაია ჩიკოიძე, ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტორი.
შესასყიდი ექსპონატი, საქსოვი დაზგის სავარცხელი
შესასყიდი ექსპონატი, საქსოვი დაზგის სავარცხელი

ეთნოგრაფიული მუზეუმი მერი ჯამდელიანისა და მანუჩარ ვეზდენისგან 20 ეთნოგრაფიულ ნივთს 30 სექტემბრამდე შეიძენს. ამ ნივთების სია სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ასე გამოიყურება: მატყლის გასაჩეჩი, მშვილდისარი, კერია, მატყლის დასართველი, ხორბლის და მარცვლეულის გასანიავებელი, ქვაბის ჩამოსაკიდი, საქსოვი დაზგის დეტალი, ძველად მიწის სახნავი, მთაში მაწვნის წასაღებად ხბოს ან ცხვრის ტყავი, პურის საცხობი, ქვაბის დასადგმელი, მატყლის დასართავი, საქსოვი დაზგის უღელი, ქვასანაყი, ძველი საზიდრის ბორბალი (წყვილი), არყის დასალევი კობი, არყის ძველი შესანახი, ხორბლის გასანიავებელი, ძველებური გარდერობი, საქსოვი დაზგის სავარცხელი. მერი ჯამდელიანს ეკუთვნის ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის შეძენილი მაჩუბები. სატენდერო დოკუმენტაციას თან არ ახლავს არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ ნივთების ღირებულებას ან იძლევა ინფორმაციას მათი დათარიღების შესახებ. კომისიის სხდომის ოქმი ამ საკითხებზე მსჯელობას არ მოიცავს.

შესასყიდი ექსპონატი
შესასყიდი ექსპონატი

ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად ნინო ჭიპაშვილი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2021 წელს დანიშნა. 2022 წლის მარტიდან, მინისტრისვე ბრძანებით, ეთნოგრაფიული მუზეუმი და თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ერთიანი მმართველობის სისტემაში მოექცნენ და ორივეს ხელმძღვანელობა ნინო ჭიპაშვილს დაეკისრა. მუზეუმის დირექტორობამდე ის პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

ეროვნულ მუზეუმში შემავალი ის მუზეუმები, რომელთა ხელმძღვანელებიც მინისტრმა თავად დანიშნა, პერიოდულად ფონდების შევსებისა და განახლების პროგრამის ფარგლებში ახალ ექსპონატებს წინასწარი კონკურსის გარეშე, გამარტივებული შესყიდვებით ყიდულობენ. ერთ-ერთი მასშტაბური განახლება ამ გზით ხელოვნების მუზეუმმა განახორციელა, რომელმაც ნიკა ახალბედაშვილის მუზეუმის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ათობით თანამედროვე მხატვრის ასობით ფერწერული ტილო შეიძინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG