Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა


სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სასამართლო პროცესზე. 18 აგვისტო
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სასამართლო პროცესზე. 18 აგვისტო

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობა დახურულ ფორმატში პროკურატურის მოთხოვნით წარიმართა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

ეს არ არის ლაშა ნაკაიძის საქმეზე დამდგარი საბოლოო გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესები გაგრძელდება და მოსამართლე შემდეგ სხდომებზე გადაწყვეტს, შეუცვლის თუ არა მას აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას.

პროკურორი ამბობს, რომ ლაშა ნაკაიძე მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ის, დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება ლაშა ნაკაიძეს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ლაშა ნაკაიძე ოჯახის წევრს შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულზე ნაკაიძემ იძალადა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად.

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ქვეპუნქტით.

"მთავარი არხი" დილის გადაცემის წამყვანის დაკავებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. არხი აცხადებს, რომ პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ მათმა სხვა თანამშრომელმა შეატყობინა - გამოიკითხა ქალი და მისი ჩვენების საფუძველზე ტელეწამყვანი დააკავეს.

"ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - განაცხადეს "მთავარ არხში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG