Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა დუბჩაკმა და ესიპენკომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაშუქებისთვის Free Media-ს ჯილდო მიიღეს


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ფოტორეპორტიორი ანდრი დუბჩაკი
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ფოტორეპორტიორი ანდრი დუბჩაკი

რადიო თავისუფლების ორმა ავტორმა მიიღო "თავისუფალი მედიის ჯილდო" (Free Media Award) 2022 წლის რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის გაშუქებისთვის. ამის შესახებ 19 აგვისტოს ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა განაცხადა, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს გამარჯვებულებს გერმანულ საქველმოქმედო ფონდ Zeit-Stiftung-თან ერთად გადასცემს.

"წელს თავისუფალი მედიის ხუთივე ჯილდო გადაეცემა უკრაინელ ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებსა და მედიას, როგორც აღიარება მათი ძალისხმევისა, დოკუმენტურად აღბეჭდონ ის ტანჯვა და გამოწვევები, რომლებსაც უკრაინელი ხალხი აწყდება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მტრული თავდასხმებისა და ომის დანაშაულის გამო", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პროექტ Donbas Frontliner-ის დამფუძნებელმა და რადიო თავისუფლების ავტორმა ანდრი დუბჩაკმა ჯილდო მიიღო "ბრძოლების ზონაში სიცოცხლის რისკის ფასად მოვლენათა გაბედული და პროფესიონალური გაშუქებისთვის."

რადიო თავისუფლების შტატგარეშე ჟურნალისტ ვლადისლავ ესიპენკოს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ყირიმში საპატიმროში იმყოფება, ჯილდო მიანიჭეს "საგანგებო ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობისათვის."

ვლადისლავ ესიპენკო 2021 წლის მარტში დააკავეს ყირიმში უკრაინის დაზვერვისთვის ინფორმაციის სავარაუდო შეგროვების ბრალდებით. დაპატიმრებამდე ის ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ყირიმში და აშუქებდა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს ნახევარკუნძულზე.

სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემისას ესიპენკომ თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას "სურს დისკრედიტაცია მოახდინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობისა, რომლებსაც ნამდვილად სურთ აჩვენონ ის, რაც სინამდვილეში ხდება ყირიმში."

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების "პაროდია" უწოდა.

მაისში ესიპენკოს მიენიჭა აშშ-ის „PEN/Barbey Freedom to Write-ის“ პრემია, რომელიც გაიცემა პოლიტპატიმარ მწერლებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG