სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის დაჭრის საქმეზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"[ფსიქიატრიული დაწესებულების] მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით - წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში", - ასე აღწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა 20 აგვისტოს განვითარებული მოვლენები.
საგამოძიებო სამსახურმა მედიას წარუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, ასახულია ის მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ უვარდება ხელში პატიმარს იარაღი და ახორციელებს პირველ ორ გასროლას. უშუალოდ თვითდაზიანების მიყენების მომენტი უწყებას საჯაროდ არ გაუვრცელებია.
ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის, გურამ სვანიძის თავის არეში დაჭრის შესახებ მედიისთვის ცნობილი 20 აგვისტოს გახდა. ოჯახი ამბობდა, რომ შემთხვევა იმ დილით მოხდა.
"ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი, ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა?.. ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ", - უთხრა მედიას პატიმრის დედამ.
ამ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევითვე უწყება ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.