კანადურმა კომპანია IMAX-მა, რომელმაც ზაფხულის დამდეგს დატოვა რუსეთის ბაზარი, რუსეთში თავისი აღჭურვილობის გამოყენება აკრძალა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ისინი კინოქსელების მფლობელებს ეკუთვნით. აკრძალვა ვრცელდება ამ ფორმატში რუსული ფილმების ჩვენებაზეც კი. ამის შესახებ რუსეთის პრესას განუცხადა „სინემა პარკისა“ და „ფორმულა კინოს“ გაერთიანებული ქსელის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ვასიასინმა. მისი თქმით, ქსელი მზად არის, სასამართლოში უჩივლოს IMAX-ს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ BBC Studios-მა შეწყვიტა თავისი კონტენტის ლიცენზირება რუსეთში მომხმარებელთათვის.
ვასიასინის თქმით, მთლიანობაში კინოგაქირავების სფეროში ვითარება უარესია, ვიდრე პანდემიის დროს, ვინაიდან რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლივუდის ბლოკბასტერებმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მარტში რუსეთში კინოგაქირავება შეწყვიტეს Disney-მ, Warner Brothers-მა, Sony-მ, Universal Pictures-მა. მოგვიანებით ზოგიერთმა მათგანმა საბოლოოდ დატოვა რუსეთი.
კინოგაქირავებაში მხოლოდ „ბეტმენისა“ და „მორბიუსის“ გაშვებაზე უარის გამო რუსეთის კინოთეატრებმა 5 მილიარდ რუბლამდე დაკარგეს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში დაიხურა 200-მდე კინოთეატრი, კომერციული კინოდარბაზების ერთ მესამედამდე გაყინულ მდგომარეობაშია.
აგვისტოში კინოთეატრების მფლობელთა ასოციაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა დახმარებისთვის. კინოგამქირავებლებმა განაცხადეს, რომ ჩინური, კორეული და საბჭოთა ფილმების ჩვენებით იმ შემოსავლის მხოლოდ 5%-ის კომპენსირება მოხერხდა, რასაც ჰოლივუდის ბლოკბასტერები იძლეოდა.