შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამჟამად ბორჯომის ტყეში ცეცხლის სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გაჩნდა.
"ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი - ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა.