Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ" - წერს სააკაშვილი უკრაინაში ომზე


პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ამოქმედებული ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, „მთლიანად გადაკეტავს უკრაინის მთელ ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება“:

„ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ - დონბასში, სადაც ბოლო დრომდე რუსეთს ჰქონდა სრული უპირატესობა, ყველაფერი შეიცვალა. ჩამოყალიბდა საარტილერიო პარიტეტი და ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაიწყეს იარაღის საწყობების ინტენსიური განადგურება. შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის ჯარი წინ ვეღარ მიიწევს. რეფერენდუმების გეგმებიც გააუქმეს იმიტომ რომ ჩაიშალა ტერიტორიის გაკონტროლების გეგმა.

პრაქტიკულად, საუბარია დონეცკის რაიონებზე, რომლებსაც ვერ იღებენ რუსები. დონბასის სხვა ნაწილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დიდი ქალაქების, სლავიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ახლა ყველა ჩვენების კონტრშეტევის მოლოდინშია. გერმანიაც მოიქოქა როგორც იქნა მძიმე იარაღის მოწოდებაში და გერმანულ არტილერიას გადამწყვეტი როლი შეაქვს გარდატეხის მოპოვებაში.

უახლოეს კვირებსა და თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის მთელ ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება“.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ამიტომაა დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და მისი რწმენა ეფუძნება უკრაინელი ჯარისკაცების თავდადებასა და პროფესიონალიზმს:

„პენტაგონმა უკრაინული ჯარის ეფექტურობა შეაფასა როგორც "12 ბალი 10-ბალიანი შკალით". ვაშინგტონის განცხადებით, უკრაინელები დასავლურ იარაღს ისე ეფექტურად იყენებენ, როგორც არავის წარმოედგინა“.

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

XS
SM
MD
LG