დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში ომს ეხება და დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, დღეს, 29 აგვისტოს მთლიანად ეთმობა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრობლემების გამო, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აწყდება, შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და პრეზიდენტ პუტინს ინფორმაციას უშუალოდ სამხედრო მეთაურები აწვდიან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, როგორც ჩანს, შოიგუს რეგულარულად დასცინიან არაეფექტური და არარსებული ხელმძღვანელობის გამო. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იმასაც წერს, რომ სერგეი შოიგუ დიდხანს იბრძოდა, რათა დაეძლია მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილების არმქონე ადამიანის რეპუტაცია, რადგან კარიერის დიდი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გაატარა.
პროფესიით ინჟინერ-მშენებელი სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრია 2012 წლის ნოემბრიდან. მანამდე ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და იყო მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც.