Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირში რუსებისთვის ვიზების მიცემის სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან


ევროკავშირის წევრების წინადადება უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის შესახებ, როგორც ჩანს, დიდ წინააღმდეგობას აწყდება. ბლოკის მინისტრები ამ საკითხს 30 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.

შეხვედრის წინ საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი პოზიცია დოკუმენტის სახით, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხი კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან ევროკავშირი ცდილობს იბრძოლოს იმ რუსების „გულებისა და გონებისთვის“, რომლებიც არ უჭერენ მხარს მოსკოვის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას აქტიურად ითხოვს ბოლო დღეებში ევროკავშირის რამდენიმე წევრი, მაგრამ იმისათვის, რომ ეს კიდეd ერთი სანქცია გახდეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო, მას ბლოკის 27-ვე წევრი უნდა მიემხროს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ გონივრულ საშუალებებზე, რომ გამოვიყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის ვიზების გაცემა“, - ნათქვამია გერმანულ-ფრანგულ ერთობლივ დოკუმენტში. „როცა რეჟიმისა და ხელისუფლების, ევროკავშირისთვის სასიცოცხლო ინტერესის სფეროების წარმომადგენლებთან კონტაქტების ვზღუდავთ, სტრატეგიულად უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის მოსახლეობის „გულებისა და გონებისთვის“ - ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არიან მთლიანად გაუცხოებული „დასავლეთის მიმართ, "- ნათქვამია დოკუმენტში. მისი ავტორები თვლიან, რომ ვიზის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის და სხვა ძირითადი პროფესიების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა.

რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნები - ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ფინეთი - სათავეში უდგანან რუსი ტურისტებისთვის სავიზო აკრძალვის გამკაცრების ინიციატივას. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აკრძალა საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან, მოგზაურთა უმეტესობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ჩასასვლელად იყენებს სახმელეთო საზღვრებს.

XS
SM
MD
LG