Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუჩერა


რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუჩერა, მიზეზად კომპანია ტურბინის გაუმართაობას ასახელებს. რუსული მედიით ვრცელდება კომპანიის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხარვეზი სარემონტო სამუშაოების დროს გამოვლინდა.

„ეკოლოგიის, ტექნიკური და ბირთვული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან მიღებულია გაფრთხილება, რომ აღმოჩენილი დაზიანება გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას არ იძლევა. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და გაზის კომპრესორის trent60-ის მუშაობის შეჩერება“, -წერს „გაზპრომი“.

კომპანიის ცნობით, ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე აცნობა Siemens Energy AG-ის აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.

კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო 31 აგვისტოს შეუჩერა. სარემონტო სამუშაოები სამი დღე უნდა გაგრძელებულიყო და 3 სექტემბერს მას კვლავ უნდა დაეწყო მუშაობა - თუმცა 20 პროცენტიანი სიმძლავრით.

ევროკომისიაში კი მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა. განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა გააკეთა.

„გაზპრომის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ცრუ მიზეზით ისევ ხურავს „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად არასანდოა ის, როგორც მომწოდებელი. ეს ასევე ადასტურებს რუსეთის ცინიზმს, რამდენადაც ამჯობინებს, დაწვას გაზი, იმის ნაცვლად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს“, – წერს მამერი „ტვიტერში“.

გაზსადენის მუშოაბა შეჩერდა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ , უკრაინის ტერიტორიის გავლით, ერთადერთ გაზსადენად რჩებოდა, რომლითაც რუსული გაზი ევროკავშირის ქვეყნებში გადიოდა.

ჯერ კიდევ ივლისში, გაზსადენი,გეგმიური რემონტის გამო, 10 დღით მთლიანად დაიხურა, ხოლო „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება თავისი სიმძლავრის 20 პროცენტამდე შეამცირა. ამის მიზეზი იყო Siemens-ის მეორე ტურბინის დაგეგმილი რემონტი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე. კიდევ ერთი ტურბინა, იმ დროისთვის კანადაში იყო გაგზავნილი და ჩარჩენილი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო.

17 ივლისს კანადამ გერმანიაში განახლებული გაზის ტურბინა გაგზავნა. თუმცა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ უარი თქვა მის მიღებაზე ტექნიკური პრობლემების მოტივით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსულ გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებაც, რათა რუსეთის პრეზიდენტმა ვეღარ შეძლოს ევროპის ენერგეტიკული ბაზრით მანიპულირება.

,,გაზპრომს'' ჯერ არაფერი უთქვამს გაზსადენის პრობლემების აღმოფხვრისა და ამოქმედების მოსალოდნელ ვადებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG