ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების შესახებ. შემოწმების შედეგად, რომელიც გასულ კვირაში ჩატარდა, ინსპექტორებმა რამდენიმე დაზიანება დააფიქსირეს - მათ შორის გადამუშავებული და გამოუყენებელი ბირთვული საწვავის საცავისა.
გარდა ამისა, IAEA-ის ანგარიშის თანახმად, დაზიანებულია: ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი; კომპლექსი შენობის მახლობლად, სადაც მდებარეობს რეაქტორი; სასწავლო კორპუსი; შენობა, რომელშიც განლაგებულია სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემა; ასევე კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განლაგებული.
ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკა იმყოფება. ამავე დროს ისინი სროლის მოწმენი გახდნენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აეს-ის გარშემო აუცილებელია „უსაფრთხოების ზონის“ დაწესება. IAEA-მ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხში დახმარება გაწიოს. სააგენტო გამოდის მოწოდებით, შეწყდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით სროლა, ვინაიდან ამან შეიძლება „ბირთვული ინციდენტი“ გამოიწვიოს.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს პერიოდულად უხსნიან ცეცხლს, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინა მოითხოვს სადგურის გარშემო ზონის დემილიტარზებას, ამ იდეას მხარს უჭერენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც, კეროდ საგაროე პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დემილიტარიაზაციას, ვინაიდან, ეს ელექტროსადგურს კიდევ უფრო დაუცველს გახდის, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 1 სექტემბერს ჩავიდნენ და თითქმის ოთხი საათი გაატარეს მასში. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, ორი მათგანი მუდმივად იმყოფება ობიექტზე.