სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილმა მისი ანგარიშის მოსმენის დახურული ნაწილის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეკითხვები და სვა, თუმცა პასუხებს არ დაელოდა.
„ოპოზიციის ქმედება იგივე იყო, რაც წინა, იმის წინა წელს და ა.შ, თუმცა, ტრადიციულად, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ალბათ, განუვითარებელშიც ( ჩვენ განვითარებული სამყაროს ნაწილი ვართ), უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების მოსმენა როცა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, ყოველთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილმა დასვა შეკითხვები და პასუხებს აღარ დაელოდა, თუმცა, ინტერესის მქონე ნაწილი, ოღონდ ძალიან მცირე, რამდენიმე ადამიანი დარჩა. მოისმინეს თავიანთ დასმულ შეკითხვებზე პასუხები, ასევე სხვა კოლეგების შეკითხვებზე გაცემული პასუხებიც, რაც ჩემი მხრიდან ამომწურავი იყო. მათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ გასჩენიათ, ყოველ შემთხვევაში, ვინც სცადა, რომ ინფორმაცია მიეღო, სრულყოფილად წაიღო.
რაც შეეხება საზოგადოების ინტერესს, საზოგადოების ინტერესი არის ბევრ საკითხზე, მათ შორის ვისაუბრეთ რუსი ტურისტების შემოდინებაზე, ჰიბრიდული ომის მეთოდებზე, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი შეკითხვისთვის. ამას ჩვენ ვახორციელებთ როგორც წერილობითი სახით, როდესაც არის მომართვიანობა, მათ შორის უბრალო მოქალაქის მხრიდანაც კი. თუკი ინფორმაცია დასაშვებია და არ დააზიანებს სამსახურის, ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ. არ მგონია, რომ რამე საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ძალიან აინტერესებდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საჯარო იყო გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დეპუტატების შეკითხვებს ის დახურულ ფორმატში პასუხობს.
სხდომის დახურვას არ დაეთანხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".
სუს-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენა დღეს, 9 სექტემბერს, გაწერილი არ იყო და ის მოულოდნელად ჩაიწერა დღის წესრიგში.