რუსეთში 11 სექტემბერს დასრულდა სამდღიანი კენჭისყრა სხვადასხვა დონის არჩევნებზე. ეს იყო უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი არჩევნები რუსეთის ტერიტორიაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის, "ცენტრიზბირკომის", წინასწარი მონაცემებით, გუბერნატორებისა და რეგიონული პარლამენტის არჩევნებში "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლები ლიდერობენ. გუბერნატორები აირჩიეს 14 რეგიონში. მათგან მხოლოდ ორს იგებენ კანდიდატები - მიხაილ ევრაევი იაროსლავის რაიონში და იური ზაიცევი - მარი-ელში, რომლებმაც თვითონ წარადგინეს თავი.
რეგიონების ლიდერების პოსტზე სხვა დანარჩენი კანდიდატები "ერთიანი რუსეთიდან" არიან.
რუსეთის ექვს რეგიონში გაიმართა საკანონმდებლო კრების არჩევნები. კვირა ღამისთვის ყველა მათგანში "ერთიანი რუსეთის" კანდიდატები ლიდერობდნენ.
ოპოზიციამ არჩევნების წინ განაცხადა, რომ კანდიდატები, რომლებმაც უკრაინაში ომის საპირისპირო პოზიცია დაიკავეს, არ დაუშვეს კენჭისყრაზე.
მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში კენჭისყრის უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 33 პროცენტს შეადგენდა. დისტანციურად ხმა მისცა 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა, საარჩევნო უბნებში გაიცა 645 436 ბიულეტენი. ელექტრონული ხმის მიცემით აქტივობამ 41 პროცენტი შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ რვა რეგიონის 20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გაუქმდა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა გაუქმებული ბიულეტენების აღმოჩენა. საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კენჭისყრისას სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ პოლიციამ სისხლის სამართლის რვა საქმე აღძრა და 156 ადმინისტრაციული დარღვევა გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალები არ გაუვრცელებია.