Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში აშფოთებთ თბილისში ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება


ცხინვალის ხედი
ცხინვალის ხედი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის "სახელმწიფო მრჩეველმა" კონსტანტინ კოჩიევმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „სამხრეთი ოსეთი შეშფოთებულია საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებით და მსოფლიო ლიდერებისგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებებით“. თუმცა, კოჩიევს არ დაუზუსტებია, მსოფლიო ლიდერთაგან ვინ მოუწოდებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების მოახლოებული რაუნდისთვის მზადების საკითხი განიხილეს, რომელიც, შესაძლოა, 5 ოქტომბერს ჩატარდეს. ცხინვალში ჩავიდნენ ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს თანათავმჯდომარეები - ვიორელ მოშანუ, ტოივო კლაარი და ჯიჰან სულთანოღლუ.

„მიმდინარე წელს ეს პირველი შეხვედრაა, მარტსა და ივნისში დაგეგმილი შეხვედრები ვერ შედგა, მსგავსი პაუზები ადრეც ყოფილა, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დროს. ამასთან, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენი სამუშაო სხვადასხვა დაბრკოლებას აწყებოდა, ამიერკავკასიის რეგიონში ვითარება არცთუ სტაბილურია. შეფერხებები ჟენევის პროცესის მიმდინარეობაზე აისახება, ვხედავთ გარკვეულ უარყოფით სიგნალებს, ესენია მასშტაბური სამხედრო წვრთნები საქართველოში და მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში საღი აზრი არსებობს, რათა ამ პროვოკაციებს არ დაჰყვეს“, - განაცხადა კონსტანტინ კოჩიევმა შეხვედრაზე.

მისი სიტყვებით, ჟენევის დისკუსიას, რომელზეც უსაფროების საკითხები განიხილება, როგორც მოლაპარაკების პლატფორმას, ალტერნატივა არ აქვს.

მოლაპარაკების მთავარი საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერაა, დასძინა კოჩიევმა.

მან ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის როლს, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა შეწყვეტილი პროცესის ფონზეც აგრძელებდა მუშაობას. „რა თქმა უნდა, IPRM პლენარულ ფორმატში სრულფასოვან სამუშაოს ვერ ჩაანაცვლებს, საჭიროა შეხვედრები სრულყოფილ ფორმატში“, - თქვა კოჩიევმა.

ეუთოს თანათავმჯდომარემ ვიორელ მოშანუმ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეები მზად არიან განიხილონ მომავალი რაუნდის დღის წესრიგის ყველა საკითხი.

ჩვენ შევხვდით შეერთებული შტატების წარმომადგენლებს და ვაპირებთ მოსკოვში რუსულ მხარესთან შეხვედრას. ჩვენ ჟენევის ფორმატის ერთგული ვართ, ვმართავთ შეხვედრებს და მზად ვართ, საუბარი გავაგრძელოთ ჟენევაში 5 ოქტომბერს. ჟენევის დისკუსიები ფორმატის შექმნისთანავე დიალოგის პლატფორმა იყო“, - განაცხადა მოშანუმ.

სააგენტო "РЕС"-ის ცნობით, მან “სამხრეთ ოსეთის დელეგაციას“ ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში აქტიურობა შესთავაზა.

„ჩვენ მივესალმებით გამშვები პუნქტებს გახსნას, ისინი მიმართულია ორივე მხარის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მან.

წინა დღეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში IPRM-ის ფორმატის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ "ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა" და მოლაპარაკებების "უფრო ნეიტრალურ ადგილას" წარმართვის აუცილებლობაზე მიანიშნა.

ჯერჯერობით უცნობია მოსკოვის პოზიცია 5 ოქტომბერს ჟენევაში მორიგი რაუნდის გამართვის თაობაზე.

რადიო თავისუფლება ასევე ელის პასუხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი-2022“ გაიმართა, რომელშიც 21 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი, 2021 წლის დეკემბერში შედგა. მაშინვე 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში - ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

XS
SM
MD
LG