Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალურ აუდიტორად ხაზინის ყოფილი უფროსი ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა


ცოტნე ყავლაშვილი
ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი ცოტნე ყავლაშვილი დაამტკიცა 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრა დღეს, 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

კენჭისყრამდე ახალი აუდიტორის დანიშვნის საკითხი კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს დეპუტატებმა.

"ჩემს პრიორიტეტებში აუდიტების დაფარვის არეალის გაზრდა იქნება და ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტრო, როგორიცაა ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ძალიან დიდ ნაწილს ხარჯავს ბიუჯეტიდან, ჩვენი ყურადღების საგანი იქნება აუცილებლად", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა "ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე, შეისწავლის თუ არა პანდემიის დროს დახარჯულ თანხებს.

სხდომაზე განხილვისას მანვე აღნიშნა, რომ სოლიდურ თანხებს განკარგავენ ძალოვანი უწყებები და "აუცილებლად იქნება ძალოვანი უწყებების აუდიტები, როგორც ფინანსური, ისე ეფექტიანობისა და შესაბამისობის".

ცოტნე ყავლაშვილმა ბოლო 16 წელი ფინანსთა სამინისტროში იმუშავა. 2015 წლიდან იგი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, 2013 წლიდან კი, ბოლო 10 წელია სახაზინო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

იგი წინა ხელისუფლების პერიოდში, 2006-2012 წლებში, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

მის ბიოგრაფიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცოტნე ყავლაშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ირაკლი მექვაბიშვილს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის ვადა დღეს, 20 სექტემბერს, ეწურება. ის თანამდებობაზე 2017 წლიდანაა. მის წინამორბედს, ლაშა თორდიას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აირჩიეს, როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს.

გენერალურ აუდიტორს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი.

XS
SM
MD
LG