Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს


ფოტოილუსტრაცია: ძიუდო
ფოტოილუსტრაცია: ძიუდო

ძიუდოში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი რუსების გარეშე ჩაივლის. რუსეთის ნაკრებს უკვე დიდი ხანია ოფიციალურად აქვს აკრძალული საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, მაგრამ რუს ძიუდოისტებს ბოლო მომენტამდე ჰქონდათ იმედი, რომ წლევანდელი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ნეიტრალური სტატუსით შეძლებდნენ გამოსვლას. სწორედ ასე მონაწილეობდნენ ორი თვის წინ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ულან-ბატორის გრან სლემზე - მაგრამ, ამჯერად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) თანხმობა ვეღარ მიიღეს.

რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ვასილი ანისიმოვის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, რუსი სპორტსმენები ყველა დიდ შეჯიბრებას არიან ჩამოშორებულნი.

ვეტერანმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ალექსანდრ მიხაილინმა კი რუსულ სპორტულ გამოცემებს უთხრა, რომ ნაკრები ტაშკენტში ფურორის მოსახდენად ემზადებოდა და ბიჭები ჩემპიონატს მიღმა დარჩენით იმედგაცრუებულნი არიან.

ბოლო თვეებში უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ და უკრაინელმა ძიუდოისტებმა რამდენიმეჯერ გამოაცხადეს, რომ თუ IJF რუსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნებისმიერი სტატუსით დაუშვებდა, მაშინ უკრაინის ნაკრები შეჯიბრებას ბოიკოტს გამოუცხადებდა.

მსოფლიოს ჩემპიონატს 6-13 ოქტომბერს ტაშკენტმა უნდა უმასპინძლოს და მასზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული შემადგენლობით - ცხრა სპორტსმენით იჭიდავებს. ქალთა კონკურენციაში კი ორი ქართველი ჩაებმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG