ადვოკატ დალი სულაქველიძის განცხადებით, ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. მისივე თქმით, დღესვე მიმართავს პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
"ბრალდებულს სურვილი აქვს, გირაოს სახით შესთავაზოს სასამართლოს საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფა. მისი ღირებულება 70 ათასიდან 100 ათასამდეა, ამავე დროს, თიბისი ბანკში სესხითაა დატვირთული ეს სახლი. თვითონაც იცის, რომ ეს არ დაკმაყოფილდება, მაგრამ აპირებს შეთავაზებას", - თქვა ადვოკატმა, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს.
დალი სულაქველიძემ ჟურნალისტებს დანაშაულის ჩადენის მოტივად ბრალდებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუსახელა და თქვა ისიც, რომ გამორიცხულია ამ საქმეში ვინმე თანამზრახველი არსებობდეს.
"მისი მიზანი იყო სარგებლის მიღება თუ ყურადღების მიქცევა ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ გეტყვით. აპირებს გამოძიებაში განმარტოს ეს. სურს, ყველაფერს, თუკი რაიმე კითხვა აქვს გამოძიებას, ამომწურავად უპასუხოს... ალბათ არ არის სრულყოფილი მისი გამოკითხვის ოქმი და ამიტომ აპირებს, დაზუსტებული ჩვენება მისცეს ბრალის წარდგენის მომენტში", - განაცხადა დალი სულაქველიძემ.
გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დააკავეს. მას მძევლად 14 ადამიანი ჰყავდა და თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.