Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ღამით ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო კომისარიატების და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობებს


საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში, 2022 წლის აგვისტო
საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში, 2022 წლის აგვისტო

23 სექტემბერს, დილით, ცნობილი გახდა რუსეთის რეგიონებში სამხედრო კომისარიატებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობებში გაჩენილ კიდევ სამ ხანძარზე - იუწყება გამოცემა Sota. ორი დღე-ღამის განმავლობაში, ანუ მას მერე, რაც რუსეთში უკრაინის ომისთვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, აღრიცხულია სულ მცირე ცხრა ამგვარი ხანძარი.

ამურის ოლქის ქალაქ სვაბოდნიში უცნობმა პირმა აალებადი ნივთიერების შემცველი ბოთლი ისროლა სამხედრო განყოფილების შენობაში. ბოთლი ქვაფენილზე დაეცა და აალდა, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა შენობის ფასადი დააზიანა. ხაბაროვსკში დილით ადრე უცნობმა პირმა ორი "მოლოტოვის კოქტეილი" ჩადო სამხედრო კომისარიატის ფანჯრების გისოსში და ისინი მოქმედებაში მოიყვანა, რის შედეგადაც გასკდა შუშები. ხანძარი უწყების თანამშრომლებმა ჩააქრეს. ადგილზე აღმოჩენილია ორი ბოთლი და ასანთი.

ასევე ღამით ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში უცნობმა პირებმა აალებადი ნივთი ისროლეს რაიონის ადმინისტრაციის შენობაში, რომელსაც მცირე ზიანი მიადგა.

წინა დღეს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობას ტოლიატში და სამხედრო კომისარიატების შენობებს სანქტ-პეტერბუგრში, ნიჟეგოროდისა და ორენბურგის ოლქებში.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე ცეცხლს უკიდებენ სამხედრო კომისარიატების შენობებს. ცნობილია სულ მცირე 29 ასეთი შემთხვევა. ასევე იწვის პოლიციის განყოფილებების და საქალაქო ადმინისტრაციების შენობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG