Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელია: „ერთი გუნდი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია წერია თუ ზივზივაძე“


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია (ცენტრში)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია (ცენტრში)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გოლისა და საგოლე პასის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი გოლი თანაგუნდელის, ბუდუ ზივზივაძის დამსახურებაა, რომელსაც თავადაც შეეძლო გადამწყვეტ მომენტში კარში დარტყმა, მაგრამ კვარაცხელიას გადააწოდა.

„გოლი ასი პროცენტით ბუდუ ზივზივაძემ შექმნა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია წერია თუ ზივზივაძე, მაგრამ მისი საქციელი დასაფასებელია“, - თქვა კვარაცხელიამ.

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერისვე განცხადებით, წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი ქართველ ქომაგებსაც მიუძღვით:

„დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულან. ბრწყინვალედ გვქომაგობდნენ და საოცარ გარემოს ქმნიდნენ. მათი მხარში დგომა დამატებით მოტივაციას გვაძლევს თითოეულ ფეხბურთელს. შეიძლება ისეთი ხარისხიანი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა, მაგრამ... რაც მთავარია, მოვიგეთ, მიზანს მივაღწიეთ და ყველა კმაყოფილია. უკვე ოფიციალურად გავინაღდეთ ჯგუფში პირველი ადგილი. ამის მიუხედავად, ბოლო ტურშიც აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს წარმატებული ციკლი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ“.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ უმთავრეს კონკურენტს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 2:0 მოუგო და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპსაც მიუახლოვდა. ერთი ვაკანტური საგზურისთვის ბრძოლას დივიზიონის ოთხი ჯგუფის ლიდერები გააგრძელებენ. პლეი ოფში, საქართველოს ნაკრების გარდა, გადიან საბერძნეთი, თურქეთი და ყაზახეთი. ნახევარფინალური წყვილები მომავალ კვირაში დაკომპლექტდება, ერთა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG