Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს


ფოტოილუსტრაცია: რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის ოთხი რეგიონი
ფოტოილუსტრაცია: რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის ოთხი რეგიონი

უკრაინა ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერში წერს, რომ ამის მიზეზი რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებაა.

"უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული ყალბი რეფერენდუმების შესახებ. რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომ მცდელობებზე", - წერს ოლეგ ნიკოლენკო.

უკრაინის ოთხ რეგიონში, რომლებიც ნაწილობრივ მოსკოვის მიერაა ოკუპირებული, ტარდება ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე - კენჭისყრას ყალბს უწოდებენ უკრაინა, დასავლეთი და გაერო, რადგან ის საერთაშორისო სამართლით უკანონოა.

ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ადგილებში მიმდინარე კენჭისყრის ფონია ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კენჭისყრა წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ქარტიასთან. ვრცელდება რამდენიმე ადგილობრივი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ ამომრჩევლებს ემუქრებიან და მათზე ზეწოლა ხორციელდება.

კენჭისყრას არ ჰყავს საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილები ომის გამო დატოვა ბევრმა მცხოვრებმა. ეს ოთხი რეგიონი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG