Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ახალგაზრდა კაცმა სამხედრო კომისარს ესროლა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამხედრო კომისარი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლის კაცი რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ მოწინააღმდეგეა. ის დაკავებულია.

სამხედრო კომისარიატში სროლის ფაქტი დაადასტურა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი კომისარი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში კომისარიატების და გაწვევის სხვა პუნქტების დაწვის 20-ზე მეტი ფაქტი მოხდა. 21 სექტემბრიდან დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში 300 ათას რეზერვისტს გაიწვევენ. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG