Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია 9-კაციანი სია პირებისა, რომლებმაც ომბუდსმენობის კანდიდატები უნდა შეაფასონ


სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შემფასებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია. რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურიდან ამ კომისიის წევრების სახელები და გვარები მიაწოდეს.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:

  1. დავით ასათიანი ("საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", თავმჯდომარე);
  2. თამარ ზარანდია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი);
  3. ნათია კუპრაშვილი („რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, თავმჯდომარე);
  4. ლარისა ლიპარტელიანი („საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“, თავმჯდომარის მოადგილე);
  5. ელენე რუსეცკაია („ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, დირექტორი);
  6. არნო სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველო“, თავმჯდომარე);
  7. ნინო ჩხობაძე („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, თავმჯდომარე);
  8. ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი–საქართველო“, თავმჯდომარე);
  9. ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, დირექტორი).

ღია კონკურსით რეგისტრაციის შემდეგ, კანდიდატებს სპეციალური 9-კაციანი ჯგუფი შეაფასებს. ამის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციებს, ცალკეულ დეპუტატებს, პარტიებს, ანუ ნებისმიერ საპარლამენტო სუბიექტს შეეძლება ერთი ან მეტი კანდიდატი წარადგინოს პარლამენტში განსახილველად. ჯამში, სულ მცირე, 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს. შერჩეულ კანდიდატებს საჯაროდ მოუსმენენ ჯერ საპარლამენტო კომიტეტებში და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.​

კანდიდატს 9-კაციანი სამუშაო ჯგუფი ოთხი კრიტერიუმით შეაფასებს:

  1. კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;
  2. მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
  3. სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
  4. პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

თითოეული ამ კრიტერიუმით, კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ყველა წევრი ცალ-ცალკე შეაფასებს 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს წარადგენენ.

დღეს, 27 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე დაასახელეს.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელია და ძირითადად, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობს; ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელია, მანამდე ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მუშაობს. გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში" მუშაობდა.

პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს ასევე იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG