Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მძიმე ბრძოლებია, რუსეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები მობილიზაციის წინააღმდეგ


წვევამდელები რუსეთის ქალაქ ტარაში. 26 სექტემბერი, 2022 წელი
წვევამდელები რუსეთის ქალაქ ტარაში. 26 სექტემბერი, 2022 წელი

27 სექტემბერს უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინასა და ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში.

ამ დროს მოსკოვი აგრძელებს იმ საპროტესტო აქციების ჩახშობას, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ იმართება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონი რჩება უკრაინის - და რუსეთის - მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად. რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლები მაშინ, როცა რუსული ძალები ცდილობენ წინ წაიწიონ სამხრეთისა და დასავლეთისკენ. 26 სექტემბერს ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ სამხედრო ვითარება დონეცკში "განსაკუთრებით მძიმეა". "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ მტრის აქტივობა. ეს ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რადგან დონბასი კვლავაც ნომერ 1 მიზანია ოკუპანტებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს კრივოი-როგის აეროპორტს ცენტრალურ უკრაინაში, გაანადგურეს ინფრასტრუქტურა და აეროპორტი გამოუსადეგარი გახდა, თქვა Telegram-ზე დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთში მისი კონტრშეტევის შედეგად, მოწინააღმდეგის დანაკარგები შეადგენს 77 სამხედრო მოსამსახურეს, ექვს ტანკს, ხუთ ჰაუბიცას, სამ საზენიტო დანადგარს და 14 ჯავშანმანქანას. განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.

ბრძოლა მძვინვარებდა ხარკოვის რეგიონშიც, ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც ამ თვეში უკრაინის კონტრშეტევის სამიზნე გახდა. გაგრძელდა ოთხი ხიდისა და მდინარეზე სხვა გადასასვლელების მწყობრიდან გამოყვანის მცდელობები, რათა ხელი შეეშალოთ რუსული ძალების მომარაგების არხებს სამხრეთში.

რუსეთში დაახლოებით 300 000 რეზერვისტის მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - ჟენევაში გაერომ 27 სექტემბერს შეშფოთება გამოთქვა საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებების გამო. "ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ადამიანების დიდი რაოდენობით, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს,"- განუცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა რავინა შამდასანიმ ჟურნალისტებს ჟენევაში.

უცნობ არაოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, "მედუზა" და "ნოვაია გაზეტა", ორი რუსული საინფორმაციო საიტი, რომლებიც საზღვარგარეთიდან მუშაობენ, იტყობინება, რომ ხელისუფლება აპირებს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს მამაკაცებს. გამოცემები წერდნენ უწყვეტი რიგის შესახებ მეზობელი საქართველოს საზღვართან, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის საშუალებას აქვთ. ვაშინგტონში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს განცხადებებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG