Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რესპუბლიკაში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლას ზღუდავს


ჩრდილოეთ ოსეთი, რიგი საქართველოს საზღვართან
ჩრდილოეთ ოსეთი, რიგი საქართველოს საზღვართან

რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებების შესვლას ზღუდავს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება. შესაბამის განკარგულებას რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო უახლოეს ხანში ხელს მოაწერს, იუწყება ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვებსაიტი.

ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტული ტრანსპორტის და მოქალაქეების დიდ ნაკადს, რომლებიც ცდილობენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებთათვის დაიშვება - ისინი თავისუფლად შეძლებენ რეგიონში ჩასვლას.

გარდა ამისა, მენიაილომ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ჩრდილოეთ ოსეთში შემოიღებენ გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმს. ამასთან, საქართველოს საზღვართან, გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" იგეგმება გათბობისა და კვების დროებითი პუნქტების ორგანიზება.

რეგიონის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ "ზემო ლარსთან" გაწვევის უწყებებს ურიგებენ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს ქვეყანა დატოვოს და სახმელეთო გზებით გადავიდეს ძირითადად მონღოლეთის, ყაზახეთის და საქართველოს ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG