Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელი დოროყაშვილი აპირებს ადვოკატ ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს


ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი
ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ აპირებს, ადვოკატ ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს. დღეს, 28 სექტემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ნელი დოროყაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმრის ადვოკატი არღვევს მისი და მისი შვილის უფლებებს. კერძოდ, საქმე ეხება ჭკადუას განცხადებას იმაზე, რომ მოსამართლის შეთავაზების მიუხედავად, ნელი დოროყაშვილმა პროცესის დახურვაზე უარი თქვა.

"მოსამართლემ თავდაპირველად განაცხადა, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩათვლის, რომ ირღვევა არასრულწლოვნის უფლებები, თვითონვე დახურავს სხდომის იმ ნაწილს.

მეორე, ირმა ჭკადუა 2 წლის განმავლობაში ისევე როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს. მე ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ. აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

ვგულისხმობ ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას, ჩემი სტატუსისა და სახელის შებღალვას. აუცილებლად, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას 2 წელია", - ამბობს ნელი დოროყაშვილი.

გუშინ, 27 სექტემბერს, ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები კითხავდნენ. ნელი დოროყაშვილის თქმით, პროცესის განმავლობაში მასზე "მიზანმიმართული ზეწოლა" იყო ადვოკატების მხრიდან. "მიმდინარეობდა ჩემი დისკრედიტაცია ჩემი, როგორც პიროვნების, როგორც ადამიანის, როგორც ცოლის დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება. მე მათთან პოლემიკისთვის არ მოვსულვარ, მე აქ მოვედი, სასამართლოს მოვუყვე ყველაფერი".

"ქალბატონი ნელის უფლებაა, ვის წინააღმდეგ რას დაიწყებს", - ასე უპასუხა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაზარალებული ქალის განცხადებას. მისი თქმით, ნელი დოროყაშვილი სხდომის დახურვაზე უარით აზიანებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს.

ირმა ჭკადუამ ისევ გაიმეორა, რომ მოსამართლემ შესთავაზა ნელი დოროყაშვილს პროცესის დახურვა, რადგან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია იგი.

დღევანდელი სხდომა ნელი დოროყაშვილის დაკითხვით გრძელდება. მას ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები კითხავენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG