Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ" - არძინბა აფხაზეთიდან დევნილებზე


ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთის ტელეკომპანია „რასია 24-თან“ ინტერვიუში შეაფასა 24 სექტემბერს ენგურის ხიდთან გამართული აქცია, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება იყო.

„ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ ვაპირებთ. მსგავს აქციებს პროვოკაციად განვიხილავთ“, - განაცხადა არძინბამ ინტერვიუში.

არძინბა დარწმუნებულია, რომ „ამ თემას“ და „ქართველი სამოქალაქო აქტივისტების“ ჯგუფს აშშ-ის საელჩო და USAID-ი კურირებენ.

„ჩვენს საზღვართან ასეთი აქციები არ ემსახურება მშვიდობის განმტკიცებას და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას“, - განაცხადა მან.

დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სახის დიალოგზე გავიდეთ. ჯერჯერობით ვითარება საკმაოდ გაყინულ მდგომარეობაშია“, - დასძინა მან.

არძინბას განცხადებით, ერთ კვირაში ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართება.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო მორიგ ჯერზე ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ეს ჩვენთვის, აფხაზური მხარისთვის, იმის დადასტურებას წარმოადგენს, რომ საქართველო მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სახის სცენარებისთვის ემზადება. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, როგორ მუშაობს საქართველო სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე, მუშაობს ნატოელებთან, მართავს წვრთნებს, ყიდულობს სამხედრო, დამრტყმელ, მზვერავ უპილოტო საფრენს აპარატებს. ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც მშვიდობისთვის ემზადება, ასე არ მოიქცეოდა“, - აღნიშნა არძინბამ.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 270 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დევნილთა დაბრუნების თემა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია.

ივნისში გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კვლავ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთიდან დევნილი გახდა დაახლოებით 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი. მათი უმრავლესობა, 240 000-ზე მეტი ადამიანი, ეთნიკურად ქართველი იყო. ისინი თავიანთ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ, რადგან ამას აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ბრძანების საფუძველზე, რეგიონში დაბრუნების უფლება გალის რაიონის მხოლოდ იმ ქართველებს მისცეს, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ. რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, დევნილმა გალელებმა სახლებში დაბრუნება 1999 წლიდან დაიწყეს.

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG