Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად ცხინვალელებს დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და უწყების სამოქალაქო პერსონალს, „სახელმწიფო საზღვარი" რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულია ნაწილობრივი მობილიზაცია. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობა ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ამრიგად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას ნაწილობრივი მობილიზებით, მათ გადასცემენ სამობილიზაციო უწყებებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს, რომ სამხედროებმა და სამოქალაქო პერსონალმა გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი საბუთით, სამხედრო მოსამსახურის მოწმობით და სამსახურის ცნობთ“, - აღნიშნავს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო.

განცხადება ე.წ. სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მათ შორის იყო დე ფაქტო „კაგებეს" ერთ-ერთი თანამშრომელი. ამის შემდეგ ცხინვალში ხმაური ატყდა და ადგილობრივმა საზოგადოებამ შეშფოთება ღიად გამოხატა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 27 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გაგლოევმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს დაავალა რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო-სამობილიზაციო საკითხების გარკვევაც.

„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დავალებები მისცა რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, უზრუნველყონ თავიანთი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება, მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებთან, შეათანხმონ რუსულ მხარესთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების პროცედურა“, - ნათქვამია გაგლოევის პრესსამსახურის განცხადებაში. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ მცხოვრებს შეეზღუდა რუსეთის ფედერაციის დატოვება „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG