მოსკოვის წითელ მოედანზე მზადდება მიტინგი-კონცერტი უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის აღსანიშნავად. სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტმა გადაიღო წითელ მოედანზე სცენის მზადება და გამოფენილი წარწერები: „დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი. რუსეთი“ და „დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი. ერთად სამუდამოდ“.
მიტინგი-კონცერტი 30 სექტემბერს უნდა ჩატარდეს და ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, იგეგმება პრეზიდენტ პუტინის გამოსვლაც. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დუმა რუსეთთან უკრაინის 4 ოლქის შეერთებას კენჭს 3 ოქტომბერს უყრის და მეორე დღეს ამას გააკეთებს ფედერაციის საბჭოც.
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. მათ მიერ გამოცხადებული "შედეგებით" ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა.
უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.
უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.