Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არძინბას თქმით, არ აღელვებს საქართველოს პოზიცია ლუკაშენკას ვიზიტზე


ინალ არძინბა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ინალ არძინბა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდ ლუკაშენკას ვიზიტზე ბიჭვინთაში.

მისი განცხადებით, "არ ღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რეაქცია“.

არძინბას თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გეოპოლიტიკური რეალობით“, ბელარუსს კი განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“ და „მეგობრად“. არძინბას ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ტელეგრამის არხით ვრცელდება.

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს, წინასწარ უცნობი, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა და შეხვდა ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. მანამდე ლუკაშენკა სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG