Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ირანის საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის აქციები ტარდება, უშიშროების ძალებისა და სეპარატისტების შეტაკებისას 20 პირი დაიღუპა


სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა ირანის უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ სეპარატისტებს შორის შეტაკებისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) 1 ოქტომბერს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რათა სოლიდარობა გამოხატონ იმ საპროტესტო გამოსვლების მიმართ, რომლებიც გამოიწვია მაჰსა ამინის სიკვდილმა პატიმრობაში. ქუჩის ძალადობის ტალღამ შეძრა ირანი მას შემდეგ, რაც 22 წლის ამინი გარდაიცვალა მორალის პოლიციის მიერ მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებული ჩაცმულობის მკაცრი წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

30 სექტემბერს, ზედიზედ მე-15 ღამეს, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ირანში, მიუხედავად სისხლიანი დარბევისა, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" და "სიკვდილი დიქტატორს", გაიძახოდნენ ისინი ამინის მშობლიური ქალაქ საყეზის ქუჩებში, ქურთისტანის პროვინციაში.

1 ოქტომბერს თეირანის მთავარ გზაჯვარედინებზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. დაპატიმრებული სტუდენტების გათავისუფლების მოთხოვნით უნივერსიტეტებში გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები.

სოციალური მედიის არხმა "1500tasvir"-მა გაავრცელა ხალხმრავალი დემონსტრაციების ვიდეოჩანაწერები დედაქალაქ თეირანში, ასევე მაშადსა და ქერმანშაჰში, ქვეყნის დასავლეთით. ამავდროულად, ირანის მოძრაობის მხარდამჭერთა დემონსტრაციები იმართება მსოფლიოს 159 ქალაქში - ოკლენდიდან ნიუ-იორკამდე და სეულიდან ციურიხამდე, როგორც იუწყება უფლებადამცველი ჯგუფი "ირანელები სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისათვის".

ირანელები და მათი მხარდამჭერები ქუჩაში გავიდნენ სხვათა შორის თბილისში, ასევე პრაღაში.

საპროტესტო აქციები ირანში 16 სექტემბერს დაიწყო, როცა ამინი, დაპატიმრების შემდეგ, კომაში ჩავარდნიდან სამ დღეში გარდაიცვალა.

ოსლოში დაფუძნებული ირანული უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ დარბევების შედეგად, სულ მცირე, 83 ადამიანი დაიღუპა. Amnesty International-მა დაადასტურა გარდაცვალების 52 შემთხვევა, მაშინ როცა ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა "დაახლოებით 60"-ს შეადგენს.

უშიშროების ძალებმა 30 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრაციების დასაშლელად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ცხრა უცხოელი მოქალაქე", მათ შორის, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან და პოლონეთიდან, დააკავეს "არეულობის ადგილზე ან მის მიღმა", კანონგარეშე ოპოზიციური ჯგუფების 256 წევრთან ერთად.

ირანი საყოველთაო საპროტესტო აქციებში გარე ძალებს ადანაშაულებს.

Amnesty-მ განაცხადა, რომ ირანი შეგნებულად იყენებს მომაკვდინებელ ძალას საპროტესტო აქციების დასარბევად, რომელთაც ქალები ედგნენ სათავეში. მან განაცხადა, რომ მოიპოვა გაჟონილი დოკუმენტი, რომელიც გაცემული იყო 21 სექტემბერს შეიარაღებული ძალების მეთაურების მიმართ ყველა პროვინციაში და რომელიც მათ უბრძანებდა "სასტიკად დაჰპირისპირებოდნენ" დემონსტრანტებს.

ორმოცდათოთხმეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც "მოუწოდებს ირანს შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ", - დაწერა ტვიტერზე ირანში აშშ-ის საგანგებო დესპანმა, რობერტ მალიმ. ეს გაფრთხილება მოჰყვა ირანში გამოსვლების ჩახშობის გაძლიერებას, რის შედეგადაც დააპატიმრეს ბევრი ჟურნალისტი, აქტივისტი და სხვა გამოჩენილი ფიგურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG