Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

85 წლის ირანული წარმოშობის ამერიკელს ირანის დატოვების უფლება მისცეს, მისი ვაჟი ერთი კვირით გაუშვეს საპატიმროდან


სიამაქ ბაზერი მამასთან, ბაღერ ნამაზისთან ერთად
სიამაქ ბაზერი მამასთან, ბაღერ ნამაზისთან ერთად

ირანული წარმოშობის ამერიკელს, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ირანის დატოვება, ქვეყნიდან წასვლის ნება დართეს, ხოლო მისი ვაჟი დროებით გაათავისუფლეს საპატიმროდან.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს გაერომ და მათმა ადვოკატმა. გაეროს მიერ 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისადმი მიმართვის შემდეგ, თეირანი დათანხმდა, რომ ბაღერ ნამაზი ქვეყნიდან გავიდეს სამკურნალოდ, ხოლო მისმა ვაჟმა დროებით დატოვოს საპატიმრო.

50 წლის ირანული წარმოშობის ამერიკელი სიამაქ ნამაზი, რომელიც უკვე თითქმის 7 წელიწადია პატიმრობაშია, თეირანის საპატიმრო „ევინიდან" გაუშვეს ერთი კვირით, გარეთ ყოფნის ვადის გაგრძელების უფლებით. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ჯარედ გენსერმა.

85 წლის ბაღერ ნამაზი, UNICEF-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც გულის დაავადება აქვს, ადრე სამედიცინო მოსაზრებით გაათავისუფლეს, მაგრამ ჩამოართვეს ირანის დატოვების უფლება.

"მოხარული ვართ გაგიზიაროთ ცნობა, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტურეშმა გაავრცელა, რომ ქვეყნიდან წასვლის აკრძალვა მოეხსნა ბაღერ ნამაზის და პირველად შვიდი წლის მანძილზე სიამაქ ნამაზი თავის მშობლებთან იმყოფება თეირანში“, - განაცხადა გენსერმა, რომელიც უანგაროდ უწევს საადვოკატო მომსახურებას მამა-შვილს.

„ეს პირველი ნაბიჯებია და ვერ დავმშვიდდებით, სანამ ორივე ნამაზი არ შეძლებს აშშ-ში დაბრუნებას და ეს ხანგრძლივი საშინელება არ დასრულდება“, - დასძინა მან.

არ არის ცხადი, უკავშირდება თუ არა მამა-შვილ ნამაზებისადმი გამოტანილი გადაწყვეტილებები სხვა განცხადებებს, რომელთაც ავრცელებს ირანის სააგენტო Nournews-ი. მათ თანახმად, რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის შუამავლობით, ირანსა და აშშ-ს შორის „მოხდება პატიმართა ერთდროული განთავისუფლება"

სააგენტოს მიხედვით, „ბოლო კვირებში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება ირანელი და ამერიკელი პატიმრების განთავისუფლების შესახებ“. ამავე ინფორმაციით, „მალე აშშ-ის სანქციების გამო დაწესებული ყადაღა მოეხსნება ირანული აქტივების მილიარდობით დოლარს“.

მამა-შვილ ნამაზებს 2015 წელს 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „მტრულ ამერიკულ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის“- ბრალდებისთვის, რომელსაც ორივე უარყოფს.

სიამაქ ნამაზი Crescent Petroleum Co.-ში მუშაობდა დუბაიში და დააკავეს, როცა ოჯახის მოსანახულებლად ჩავიდა ირანში 2015 წელს.

ბაღერ ნამაზი თეირანის აეროპორტში დააკავეს. ის ორი წელიწადი იყო ციხეში, საიდანაც გამოუშვეს სამედიცინო მოსაზრებით, მაგრამ არ ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება. მას გულის დაავადება აქვს და საპატიმროში ყოფნის დროს რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG