Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხრეთის სარდლობა იუწყება ნაწილობრივი წარმატების შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქის დაბა არხანგელსკის და სოფელ მიროლუბოვკის გათავისუფლება. 2 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა მისი მშობლიური კრივოი-როგის 129-ე ბრიგადის სამხედროებს. საოკუპაციო ძალებისგან არხანგელსკის და მიროლუბოვკის გათავისუფლების შესახებ იუწყება ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩიც.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წუხანდელ, ოფიციალურ ინფორმაციაში არ არის მითითებული ხერსონის ოლქის კონკრეტული მიმართულებები, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებებს მიაღწიეს.

სარდლობა მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აქვთ ნაწილობრივი წარმატება, 2 ოქტომბერს სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა შეასრულეს 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა და გაანადგურეს 40 რუსი სამხედრო, 2 ტანკი და 7 ერთეული სხვა ტექნიკა. დასახელებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული რაიონი - ბერისლავი, სადაც სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ვერტმფრენი კა-52. ბერილსავის რაიონშია დაბა არხანგელსკი, რომლის გათავისუფლების შესახებაც უკრაინის პრეზიდენტმა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადეს.

სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ უკრაინელებს მიმართა, სამხედრო ქვედანაყოფების ქმედებების შესახებ, მათი აზრით, კარგ ახალ ამბებსაც კი, წინასწარ ნუ გაავრცელებენ, რადგან ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც უკრაინელ მეომრებს, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთის გარდა, შეტევას განაგრძობენ აღმოსავლეთშიც. 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ.

ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები. ამას წინ უძღოდა რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად უკრაინის ამ რეგიონების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ 23-27 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG