Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა რუსეთის ნავთობზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება


ევროკავშირის ოთხი ქვეყანა რუსეთის ნავთობზე ფასების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალი Politico იტყობინება საქმეში გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ფასების ლიმიტი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მერვე პაკეტის საფუძველს წარმოადგენს.

Politico-ს თანახმად, ფასების ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა. უკანასკნელი სამი საკუთარი ტანკერების ფლოტის ინტერესებს იცავს. სანქციების პაკეტი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ითვალისწინებს ნავთობის გადაზიდვაზე აკრძალვას ევროკავშირის ქვეყნების ტანკერების მიერ დადგენილ ფასებზე უფრო მაღალ ფასებში. კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა აღნიშნავენ, რომ მაშინ ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ სანქციებს მიუერთდებიან მნიშვნელოვანი სატანკერო ფლოტის მქონე თურქეთი, ინდონეზია და ინდოეთი.

გამოცემის თანახმად, კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებიც ითხოვენ, არ იქნეს შემოღებული გადაზიდვაზე აკრძალვა, სანამ ფასების ლიმიტს არ შეუერთდება ინდოეთი. სექტემბერში რუსეთი მეორე ქვეყანა გახდა ინდოეთის ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდების მოცულობით, წერდა დელის გაზეთი Business standard-ი. ინდოეთი და ჩინეთი ამჟამად რუსეთის სატანკერო ნავთობის ნახევარზე მეტს ყიდულობენ.

დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, გრძელდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა. ადრე საქმიანი გამოცემები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ევროკავშირი გეგმავს რუსეთიდან ალმასის იმპორტის შეზღუდვას, ქვეყანაში ელექტრონიკის გაფართოებული სიის, მათ შორის სმარტფონების ექსპორტის აკრძალვას. ევროკავშირი ასევე აპირებს, აუკრძალოს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების დირექტორთა საბჭოებში თანამდებობების დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG