Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი 7 ოქტომბერს სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენს


მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარასკევს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ სახალხო დამცველის ანგარიშს, 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

მდინარაძემ ილაპარაკა ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის შესახებაც. როგორც ის აცხადებს, ხელისუფლებას სურს, რომ ევროკავშირის პირობების მე-12 პუნქტი არ ჩავარდეს.

„ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ის უიშვიათესი პრეცედენტი, ჩემთვისაც გასაკვირი, როცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს, იმდენად სწორად და გამჭვირვალედ, ასე ვთქვათ, ზესამართლიანად (სხვა შემთხვევაში იქნებოდა სპეკულირება აქაც) დააკომპლექტა 9-კაციანი ჯგუფი, რომელიც ქულათა სისტემით შეაფასებს ომბუდსმენობის კანდიდატებს. შემდეგ ამ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს პარლამენტს. რადგან ასე კარგად ჩაიარა ამ პროცესმა, მე იმედი მაქვს, რომ შეფასებების საფუძველზე, მათი გათვალისწინებით და სხვა ობიექტური კრიტერიუმებისა და მოცემულობის გათვალისწინებით, იქნებ შევძლოთ, რომ ევრორეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს. იქნებ შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ. იქნება რთული, იმიტომ რომ ულტიმატუმების ჩანასახი აქაც არის. დაასახელეს სამი კანდიდატურა, რომლებზეც არიან შეჯერებულები და ამბობენ, რომ მათ გარდა, არავის დაუჭერენ მხარს. ჩვენ შევეცდებით, რომ თუ მათშია მისაღები [კანდიდატი], კი ბატონო, მაგრამ თუ არა, სხვაზე დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები. თქვენთვის ნათელია, რომ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ავირჩევთ კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა, მათი ნაწილის მხრიდან მაინც არ ექნება", - განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომავალი სახალხო დამცველი პოლიტიკური განცხადებებით არ უნდა გამოირჩეოდეს.

„მმართველი გუნდიდან ბევრმა განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ჩავარდეს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტი. აქაც ზედმიწევნით გვინდა სწორად წავიდეთ, შევასრულოთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი წილი და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაინცდამაინც, უკაცრავად გამოთქმისთვის, ჩაბჟირდებიან ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე იწოდებოდა უფლებადამცველად და გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, პოლიტიკური აქტივობებით, ამას ვსაყვედურობთ ჩვენ სახალხო დამცველს, მოქმედი რასაც აკეთებს. ადამიანი თუ ჯერ სახალხო დამცველი არ გამხდარა, სხვა კომპეტენცია, ვალდებულებები, უფლებები აქვს და ამას [პოლიტიკურ განცხადებებს] აკეთებს, ბუნებრივია, მომავალშიც ამას გააკეთებს. უფრო გაამძაფრებს. აქედან გამომდინარე, ვსაუბრობთ, რომ ასეთი ადამიანი, ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ვერც შეძლებს მუშაობს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტში განაცხადი სახალხო დამცველობის 19-მა კანდიდატმა წარადგინა, მათგან სამი (​გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი) არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. სხვა კანდიდატები არიან:

Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” 84 ხმა აქვს პარტიიდან გასული “ოთხეულის” [გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე] ჩათვლით, რეალურია, რომ მომდევნო სახალხო დამცველი მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატი გახდეს.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველს შეეხებოდა - კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო ვალდებულია, დეოლიგარქიზაციის, პოლარიზაციის შემცირების, სასამართლოს რეფორმირების, მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნის პარალელურად, უზრუნველყოს, რომ “ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იყოს გამჭვირვალე, მისი სამსახური კი - ზეგავლენებისგან თავისუფალი.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG