Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა, აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს


მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვას უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. როგორც დეპუტატი აცხადებს, ოკუპაცია არის ისეთი ბოროტება, რომელშიც ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან პოზიტიური ჩარევის ბერკეტები მოსპობილია.

„ოკუპაცია არის იმგვარი რამ, რაც ასე მარტივად მსჯელობის საშუალებას, სამწუხაროდ, გართმევს. ეს არის უდიდესი ბოროტება, რომელიც შენს ოპონენტს, თუ მას ცუდი სპეკულაცია უნდა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, აძლევს ამის თქმის საშუალებას: „რატომ არაფერს აკეთებ, აფხაზეთიდან რაღაცას რომ სჩადიან რუსები?“ [ოკუპაცია] არის იმგვარი ბოროტება, რომელშიც პოზიტიურად ჩარევის საშუალება არის მოსპობილი იმ ქვეყნების და ხელისუფლებების მხრიდან, რომელთა ტერიტორიაც არის ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიის 18%, ოდნავ მეტი, ოკუპირებული აქვს რუსეთს დღეს. რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა, აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს, უკრაინის მხარეს. ეს ხომ ასეა?! დღეს კითხვას მისვამთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ აფხაზეთში მოქმედებები არ განვითარდეს. ერთადერთი ბერკეტი (სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი არ გააჩნია არცერთ ქვეყანას არასდროს, რომელიც ამ მდგომარეობაშია) არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მივიღოთ ზომები - დაფიქსირება და ა.შ. სხვა ბერკეტი, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მოქმედებების აღსაკვეთად, არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

სააგენტო "აფსნიპრესის" თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

რუსეთში 21 სექტემბერს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა ის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს.

სოხუმში ფიქრობენ, რომ მობილიზაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა „მედუზას“ უამბო, რომ კრემლში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მობილიზაციის საკითხსაც განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG