Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული ზაპოროჟიედან "გააძევეს" ატომური ელექტროსადგურის დირექტორი


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესასვლელი. 2022 წლის 31 აგვისტო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესასვლელი. 2022 წლის 31 აგვისტო

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი „კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს“. ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს იუწყება კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“. მისი ინფორმაციით, „გაძევებამდე“ მურაშოვმა „აღიარა უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირი“.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „როსია 24“-მა აჩვენა ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის „აღიარების“ ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, მურაშოვი ამბობს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელს აწვდიდა ინფორმაციას ობიექტის მდგომარეობის შესახებ და იცოდა, რომ ატომურ ელექტროსადგურს სახიფათო დაზიანებები ჰქონდა უკრაინელი სამხედროების მხრიდან სროლის შედეგად.

თავად იგორ მურაშოვს ამ „აღიარებითი ჩვენების“ და „გაძევების“ შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

1 ოქტომბერს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომ“-მა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი იგორ მურაშოვი რუსმა სამხედროებმა დააკავეს ქალაქ ენერგოდარის რკინიგზის სადგურის მახლობლად და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინამ მომხდარს ტერორი უწოდა. მურაშოვის გათავისუფლება მოითხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. 3 ოქტომბერს, სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ იგორ მურაშოვი გათავისუფლებულია.

ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. უკრაინის ეს ნაწილი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. სადგურის უშუალო სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში. სექტემბრის დასაწყისში, რუსეთმა სადგურის დათვალიერების უფლება მისცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს.

30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები. ამას წინ უძღოდა რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად უკრაინის ამ რეგიონების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ 23-27 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG