Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წელს ტელეკომპანია "იმედის" ზარალი 74,4 მილიონი ლარი იყო - TI


არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია ქართული ტელევიზიების შემოსავლები 2020 და 2021 წლების განმავლობაში.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი "იმედის" ჰოლდინგმა მიიღო, წლის განმავლობაში ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა ყველაზე დიდი ზარალიც. "იმედის" ჰოლდინგის შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა, მეორე ადგილზე იყო "მთავარი არხი" 11.9 მლნ ლარით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2020 წელს ქვეყნის 5 ყველაზე მსხვილი ტელევიზიიდან მოგება არცერთს ჰქონია და პირიქით, ზარალზე იყვნენ.

კომპანიების მოგება(+)/ზარალი(-)
კომპანიების მოგება(+)/ზარალი(-)

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს. ჯამში, სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს.

ბოლო წლებში ყველაზე დიდი სარეკლამო კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს მისი სარეკლამო
შემოსავალი 19.3 მლნ ლარით (63.4%) შემცირდა და 11.1 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს ტელევიზიამ მეორე ადგილიც დათმო და მესამეზე გადაინაცვლა.

2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან, ჯამური შემოსავლების მხრივ, პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ. ლარით. მასში 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც არის მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხა.

2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით არის გაზრდილი (1%) და 139.8 მლნ ლარს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG