Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრი კასიანოვი: სახიფათოა, როცა ქვეყანა რჩება თავდაცვის ალიანსების მიღმა


ანდრი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში
ანდრი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა, უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში უკიდურესად სახიფათოა, როდესაც რომელიმე ქვეყანა რჩება თავდაცვის ალიანსების მიღმა და არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტური თავდაცვითი მხარდაჭერა. მისი ეს გამოხმაურება უპასუხებდა კითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინის პარალელურად, საქართველომაც უნდა შეიტანოს ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი.

ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას, როგორც უკრაინასთან ერთად ასოცირებული ტრიოს წევრებს, ახლა უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ქვეყნებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, მაშინ, როცა ამას დროულად ჩათვლიან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარების თეზისს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ამჟამად უნიკალური შესაძლებლობები აქვთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ეს არის უკრაინის, როგორც ამ პროცესის მამოძრავებელი ძალის წყალობით, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. თუმცა, უკრაინული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს თავდაცვის რომელ ალიანსს უნდა შეუერთდეს და როდის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარების კონტექსტში მიგვაჩნია, რომ უკიდურესად სახიფათოა, როდესაც რომელიმე ქვეყანა რჩება თავდაცვის ალიანსების მიღმა და მას არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტური თავდაცვითი მხარდაჭერა და ამას ნათლად გვიჩვენებს ფინეთისა და შვედეთის მაგალითი“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით ითხოვს.

საქართველოში მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანა მოვლენათა განვითარებას უნდა დაელოდოს. როგორც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 1 ოქტომბერს განაცხადა მედიასთან, "ყველა აღიარებს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, უბრალოდ თვითონ ნატოში არ არის მომწიფებული კონსენსუსი ამ გადაწყვეტილების გარეშემო. იგივე ეხება უკრაინასაც".

კობახიძისვე სიტყვებით, საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ და ქვეყანა ამისთვის მზადაა, დანარჩენი კი ნატოს გადაწყვეტილების საგანია.

ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებიდან მალევე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უპასუხა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, განიხილავს თუ არა ნატო უკრაინის განაცხადს. მან თქვა, რომ "ნატოს კარი ღიაა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის" და ახალი წევრების მიღების თაობაზე ალიანსმა გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს.

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

2021 წელს მოსკოვმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა მოითხოვა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტო Reuters-ს მიმდინარე წლის სექტემბერში აცნობა, რომ პუტინმა ომის დასაწყისში უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა უარყო, რომელიც ითვალისწინებდა კიევის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG