Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.

მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა ისინი გაყოფილია.

ანალიტიკოსთა ტრადიციულ სიაში, რომელსაც კომპანია Clarivate-ი აქვეყნებს ლაურეატების გამოცხადების წინ, წლევანდელ ლაურეატთაგან არავინ ყოფილა დასახელებული.

პრემია, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გაიცემა, 10 მილიონ შვედურ კრონას (902 315 აშშ დოლარი) შეადგენს და მას შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია გასცემს.

ფიზიკა მეორე დარგია, რომელშიც მიმდინარე კვირაში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოცხადდნენ. 3 ოქტომბერს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულად გამოცხადდა შვედი გენეტიკოსი სვანტე პააბო.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდება ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, 6 და 7 ოქტომბერს კი ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში.

10 ოქტომბერს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, თუმცა ეს დარგი არ შედის პრემიის დამაარსებლის, ბიზნესმენ ალფრედ ნობელის ანდერძში.

პრემიების გადაცემა შედგება 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG