დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 ოქტომბრიდან დაიწყეს ხერსონის ოლქში მყოფ რუსულ ქვედანაყოფებზე შეტევის ახალი ეტაპი. გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს, 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით წინსვლისას ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადასწიეს და ძირითადად, წარმატებებს მიაღწიეს მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირების გასწვრივ, თუმცა, ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის თავდაცვის ძირითად პოზიციებს.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დილემის წინაშეა - სამხედრო ძალების დნეპრის იქით გადაყვანა გაცილებით საიმედოს გახდის ხერსონის ოლქის დანარჩენი ნაწილის დაცვას, მაგრამ პოლიტიკურ ვალდებულებას ისევ წარმოადგენს დარჩენა და ქალაქ ხერსონის შენარჩუნება.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ხერსონის დასაცავად გაგზავნა ბოლომდე დაუკომპლექტებელი საჰაერო-სადესანტო დანაყოფები და ფრონტზე სტაბილიზაციის მისაღწევად ნაკლებად ჰყავს სწრაფი რეაგირების დამატებითი ძალები. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს ხერსონში გაგზავნოს მობილიზებული რეზერვისტები.
ხერსონის ოლქზე უკრაინელი სამხედროების ძლიერ შეტევას ადასტურებს რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი.
„ისინი ძალიან ბევრნი არიან, ძალიან დიდი რაოდენობითაა ნატოს ტექნიკა და რაღაც თურქული მანქანები. აქვთ რაღაც ტანკები. ისინი მოძვრებიან და ხალხის რაოდენობით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები სიკვდილამდე დგანან“, - უთხრა დღეს, 6 ოქტომბერს სტრემოუსოვმა რუსულ სააგენტო „ტასს“. სტრემოუსოვი ირწმუნება, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელები ყოველდღე კარგავენ 300-მდე სამხედროს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებულ „კანონებს“, რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს მიღების „შეთანხმებათა რატიფიკაციის“ შესახებ. იმავე დღეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიბრუნებს დონბასის და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და ისინი „სამუდამოდ რუსეთის შემადგენლობაში იქნებიან“.