Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთილი ნების ელჩმა UNICEF-ს აცნობა ირანში დემონსტრაციის დროს ბავშვების დახოცვის შესახებ


ირანელი მსახიობი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი მაჰთაბ ქერამათი
ირანელი მსახიობი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი მაჰთაბ ქერამათი

ირანელმა მსახიობმა, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩმა მაჰთაბ ქერამათიმ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს აცნობა ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს ბავშვების დაღუპვის შესახებ.

ისლამურ რესპუბლიკაში მესამე კვირაა არ წყდება დემონსტრაციები, რომლებსაც მთავრობა სასტიკად ახშობს. გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ ირანის კანონით სავალდებულო თავსაბურავის არასწორი ტარებისთვის დააკავა ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი, რომელიც პოლიციაში გარდაიცვალა დაუდგენელი მიზეზით.

უფლებადამცავი ჯგუფის თანახმად, ბოლო 18 დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 154-ს აღწევს, მათ შორის ხუთი ბავშვია.

„ეს საკითხები წამოვწიე UNICEF-ის წარმომადგენლებთან ირანში და თვალყურს მივადევნებ მოვლენების განვითარებას“, - წერს ქერამათი Instagram-ზე. ის დასძენს, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების მიმართ. იგი მძაფრად გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში ბავშვების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ დუმილისთვის. საპასუხოდ ქერემათიმ განაცხადა, რომ მისი დუმილი არ ნიშნავს პასიურობას ან თანაგრძნობის უქონლობას. თავის პოსტში მსახიობი აღნიშნავს, რომ იცის „სულისშემძვრელი ცნობების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მოზარდების და ბავშვების დახოცვას, დაჭრას და დაკავებას და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.“ თუმცა ეს პოსტი Instagram-ზე რამდენიმე საათის შემდეგ წაიშალა.

აშქან ფუიანმა, ნეიროქირურგმა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ზაჰედანიდან, Instagram-ზე გამოაქვეყნა ტყვიის ფოტო, რომელიც ამოუღეს 13 წლის ბავშვს, რომელიც დაიჭრა ზურგში 20 სექტემბერს, როცა პოლიცია ამ ქალაქში სასტიკად გაუსწორდა დემონსტრანტებს. მოგვიანებით ფუიანი სოციალურ ქსელებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა და მისი ანგარიშები გაითიშა. ბოლო დღეებში Twitter-ით და Instagram-ით გავრცელდა ჩაფხუტიანი, ხელკეტებით აღჭურვილი 18 წლის ასაკამდე თეირანელი ბავშვების ფოტოები. არსებული ცნობით, მათ დემონსტრაციების ჩასახშობად იყენებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG