Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა


ვაკის პარკი
ვაკის პარკი

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტლის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაბაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული მოზარდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, უახლოეს 72 საათში მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება.

დავით ცაბაძე
დავით ცაბაძე

"ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს "ნიუ ჰოსპიტალის" ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომელიც ვიცით, ველოდებით და მზად ვართ. არ ვიცით, რა იქნება, გართულებები შეიძლება მოხდეს 72 საათის განმავლობაში.

ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გონება დაბინდულია. იყო ელექტრო ტრავმა, შოკი", - თქვა ექიმმა.

"ნიუ ჰოსპიტალში" გადაყვანამდე ბავშვი ხეჩინაშვილის კლინიკაში მიიყვანეს.

დღეს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს, დენმა დაარტყა.

დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

თბილისის მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

XS
SM
MD
LG